weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

ყველამ ვიცით, რომ უშიშროება ერეოდა და ისევ ჩაერევა არჩევნებში – გედევან ფოფხაძე

17:55 ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2020

„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არჩევნებში ერეოდა და კიდევ ჩაერევა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებებით, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის აკრძალვა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

„2016 წელს ძალიან ბევრი მაჟორიტარის წინააღმდეგ, რომელიც კოალიციის ყველა წევრისთვის თუ „ქართული ოცნების“ ყველა წევრისთვის მისაღები არ იყო, უშიშროებამ იმუშავა. დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისევ იქნება ძალოვნების ჩარევა არჩევნებში. ამიტომ ამ კანონით ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, ერთმანეთს და ამომრჩეველს თვალში ნაცარს ნუ შევაყრით“, – განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები რეალურად არაფერს შეცვლის, რადგან ხელისუფლებას ამომრჩეველზე, მათ შორის მასწავლებლებზე ზეწოლისა და ძალადობის გამო პასუხი ჯერ არავისთვის მოუთხოვია.

„თუ აქამდე არავინ დასჯილა, პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ, რა ფორმით გინდათ მარტო სასჯელის გამკაცრებით ვინმე შეაფერხოთ ზეწოლისგან და ძალადობისგან. თუ ჩვენი დასჯა გინდათ და გგონიათ, რომ ჩვენ ვაპირებთ ძალადობას, ეს არის აბსურდი.

თუ ხელისუფლება ბერკეტებს უქმნის თავის თავს, რომ პასუხი მოსთხოვოს, იყო კონკრეტული შემთხვევა - ია კერზაიას შემთხვევა ზუგდიდში, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა. ყველაფერი ვიცით, ამას წინ რა უძღოდა. სირაქლემას პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ ამ შემთხვევასთან მიმართებაში.

გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან, ეს კანონი არავის სჭირდება, რეალურად ის არაფერს გვიცვლის. ჯერ პრეცედენტი არ შექმნილა, არცერთი ძალოვანი არ დასჯილა, არცერთი ადმინისტრაციული მუშაკი არ დასჯილა, რომ მასწავლებელზე და საბავშვო ბაღის თანამშრომელზე ზეწოლა ხდება, ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხდება... გარწმუნებთ, რომ ამ კანონის მიღება დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის, ეს არის თვალთმაქცობა. მე ვერ დავიჯერებ, რომ პარლამენტის წევრებმა არ იცით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და უშიშროების ჩარევა რომ ხდება საარჩევნო პროცესში. თუ არ იცით, კონკრეტულ ფაქტებს გეტყვით, მაგრამ არა ტრიბუნიდან. ყველამ ვიცით, რომ უშიშროება იყო ჩარეული არჩევნებში და სოსო გოგაშვილი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე) იყო ჩარეული პარტიების საქმიანობაში. ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტმა დღეს დაჩარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით, 77 ხმით მიიღო „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილება შედის „სისხლის სამართლის კოდექსშიც“ - არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]